ირინე პეტრიაშვილი

Radisson BLU - PR and Marketing Manager, Georgia

Biography

Spotlight 2015-ის თემა: “კიევური რეცეპტები”

ყოველთვის, როდესაც ჩემი ავტობიოგრაფიის წერა მიხდება, რომელიღაც სენტიმენტალური რომანის პირველი თავი გამომდის უნებლიედ. 90-ში საქართველოდან ათი და ასი ათასობით წასული ემიგრანტებიდან ერთ-ერთი ვარ. დავიბადე და ცხრა წლამდე ვცხოვრობდი ჩემთვის ყველაზე ლამაზ და არაჩვეულებრივ ქალაქ თბილისში. 1992-ში ჩემს ოჯახს საქართველოდან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გაქცევა მოუწია…

ასე დაიწყო ჩემი ცხოვრება უკრაინაში, რომელიც 21 წელი გაგრძელდა. სანამ წავიდოდით, ქართულად ლექსებს და მოთხრობებს ვწერდი. სკოლა რომ დავამთავრე უკრაინული და რუსული ქართულზე გაცილებით უფრო კარგად ვიცოდი.
2005 წელს დავამთავრე ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი სპეციალობით „არაბული და ინგლისური ენების ფილოლოგი“, სამაგისტრო დიპლომს „ქალის როლი პრეისლამურ და თანამედროვე არაბულ პოეზიაში“ ერქვა.

არასოდეს არ მისწავლია არც პიარი და არც მარკეტინგი უმაღლეს სასწავლებელში. რა თქმა უნდა, ვკითხულობდი და დღემდე ვკითხულობ სპეციალურ ლიტერატურას, არ ვუშვებ ხელიდან საშუალებას გავიზიარო კოლეგების გამოცდილება ამა თუ იმ სახით – მეგობრული საუბარი იქნება ეს, თუ სემინარზე დასწრება. მაგრამ მჯერა, რომ ამ სფეროში წარმატება მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკაზეა დამოკიდებული. ეს არაა ის დარგი, სადაც თავიდანვე თეორიული ცოდნაა აუცილებელი, მაგრამ აუცილებელია კარგი ინტუიცია, კარგი წარმოსახვის უნარი, განვითარებული ლოგიკური აზროვნება და…გამბედაობა.

2006 წელს უკრაინის ერთ-ერთ მსხვილ საავტომობილო კომპანიაში რეკლამისა და პიარის დეპარტამენტის ასისტენტის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა. პირდაპირ „ქუჩიდან“ მივედი და პირველივე გასაუბრების მერე მითხრეს, თუ გინდა დღესვე დაიწყეო, არა და არანაირი გამოცდილება კი არა წარმოდგენაც კი არ მქონდა არც პიარზე, არც რეკლამაზე არც ზოგადად მარკეტინგზე. ოთხ თვეში ჩვენს კომპანიაში კორპორატიული პიარ მენეჯერის ვაკანსია გამოცხადდა და ბევრი ხვეწნის შემდეგ ჩემი უფროსი დავარწმუნე, რომ „გავქაჩავდი“. 2007 დან 2014 წლამდე ვიმუშავე ასეთ ბრენდებთან, როგორიცაა: Porsche, Jaguar, Volvo, Nissan & Infiniti, Peugeot, BMW & MINI. საქართველოში დაბრუნებამდე თითქმის 4 წელი ვიყავი Peugeot-ს უკრაინული წარმომადგენლობის პრეს სამსახურის ხელმძღვანელი. ზუსტად ამ პოზიციაზე განვახორციელე ის პროექტები, რომლებიც დღემდე მეამაყება მე და ახსოვს ჩემს უკრაინელ კოლეგებს.

საქართველოში 2014 წლის მარტში დავბრუნდი. ამ ერთი წლის განმავლობაში გამოვცადე ქართულ კომპანიაში მუშაობაც და საკუთარი ბიზნესიც. ამჟამად გახლავართ Radisson Blu-ს პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი.

დარწმუნებული ვარ, სულ მალე საქართველოში მარკეტინგის სფერო მაღალ დონეზე განვითარდება. მარკეტინგი ერთგვარი ხელოვნებაა და ჩვენ, ქართველები, ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი წარმატებისთვის, თუმცა წარმატების რეცეპტი საკმაოდ მარტივია – ნიჭთან ერთად მას ყოველდღიური შრომა და მოთმინება სჭირდება.

კომენტარი

კომენტარი