მზია შარაშიძე

Tbilisi Zoo - Pr Manager
facebook-icon

Biography

Spotlight 2015-ის თემა: “ჩემი საქმე და ცხოველები”

ბავშვობაში ბაღში ხშირად გვეკითხებოდნენ, ვინ გამოვიდოდით, როცა დიდები გავიზრდებოდით. როგორც წესი, ბორშით მოთხუპნილი ჯგუფელების ძირითად ნაწილს მასწავლებლობა ან პოლიციელობა (იმ დროისთვის „მილიციონერობა“) უნდოდა. მე რას ვპასუხობდი? მახსენდება, რომ არქეოლოგობასა და კოსმონავტობაზე ვოცნებობდი. თავგადასავლების ერთადერთი მაძიებელი ვიყავი იმდენ პოტენციურ სამართალდამცავსა და პედაგოგს შორის.

ამ კითხვას ბუფეტში 10 კაპიკად ნაყიდი სოსისებით მუცელგამოტენილ მოსწავლეებს ხშირად სკოლაშიც გვისვამდნენ. მიჭირდა პასუხის გაცემა. ალბათ, იმ მომენტში „რეზინობანას“ თამაში უფრო მაღელვებდა… ცხოვრების იმ ეტაპზე, სწავლისგან და შტაბების შენებისგან თავისუფალ დროს, საათობით ვკითხულობდი სატელევიზიო პროგრამას, თანაც ხმამაღლა და გამოთქმით, მაგიდასთან „დაკოსებული“ იმდროინდელი დიქტორების მსგავსად. მოგვიანებით სტატიებს ვაქვეყნებდი ახალგაზრდულ გაზეთებში და მეგონა, მრავალტომიანი დღიურების წერა და საკონტროლოებში მიღებული ფრიადები ჩემში მომავალი მწერლის ან ჟურნალისტის დაბადებას შეუწყობდა ხელს.

უფროს კლასებში ხატვის ნიჭი აღმომაჩნდა. ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე და 6 წელიწადში გრაფიკოს-დიზაინერის დიპლომიც ავაფრიალე. არც ამ დროს შემოვიფარგლებოდი მხოლოდ დიზაინერის პროფესიის დაუფლების სურვილით. ხატვის პარალელურად რადიოში ვმუშაობდი და საბოლოოდ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ტელევიზორის ცისფერ ეკრანზეც ამოვყავი თავი. ჩავიხლართე ტელე და რადიოწამყვანის საინტერესო ყოველდღიურობაში და თან ვნანობდი, რომ სამედიცინოზე არ ჩავაბარე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, ჩემი სახით უაღრესად ნიჭიერ და პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე ექიმს კარგავდა ქვეყანა. აკადემიის დამთავრების შემდეგ თავიან-ფეხებიანად ჩამითრია სატელევიზიო ორომტრიალმა და ამ ორომტრიალში გავიდა რამდენიმე წელი.

„მაესტროდან“ წამოსვლის შემდეგ გზაგასაყართან აღმოვჩნდი. დაახლოებით ისეთთან, ზღაპრებში რომ ხვდებათ საგმირო საქმეების ჩასადენად მიმავალ პერსონაჟებს. ხუმრობა ხომ არ იყო – უამრავი ნიჭის, უნარისა და გატაცებისთვის უნდა მომეყარა თავი, სწორი დანიშნულება უნდა მეპოვნა ჩემს ხურჯინში მოქუჩებული სხვადასხვა ძვირფასი რესურსისთვის და ეს ყველაფერი ახალ პროფესიაში უნდა ჩამექსოვა 10 წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდნასთან, გამოცდილებასთან და შესაძლებლობებთან ერთად.

ამიტომ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გავმხდარიყავი ის, ვინც არქეოლოგის ენთუზიაზმითა და შემეცნების წყურვილით გაიკვალავდა გზას; ის, ვინც კოსმონავტის სიმამაცით ეკვეთებოდა ახალ საქმეს; ვინც მწერალივით ოსტატურად დაწერდა, ჟურნალისტივით სხარტად მოუყრიდა აზრებს თავს, გამართულად გადმოსცემდა სათქმელს და კარგი ექიმისთვის დამახასიათებელი სკრუპულოზურობით ეცდებოდა ყველაფრის ასჯერ გადამოწმებას, სწორი დიაგნოზის დასმასა და პრობლემის მოგვარების უმტკივნეულო, ეფექტიანი მეთოდების დანერგვას. გადაწყვეტილების მიღებისთანავე გავქანდი, ჩავაბარე კომუნიკაციების მენეჯმენტზე „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ და დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა „რედიქსში“, სადაც 7 წლის განმავლობაში პირნათლად ვასრულებდი ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მოვალეობებს.

ამ წლების მანძილზე პარალელურად მოვასწარი „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და განახლებული „მაესტროს“ წამყვანობა. კითხვას, პროფესიასთან დაკავშირებით, ვერც ცხოვრების ამ ეტაპზე გავექეცი. ინტერვიუზე მოსული ჟურნალისტები ხშირად მეკითხებოდნენ, სად ისურვებდით მუშაობასო. მეც ვპასუხობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი Discovery-ზე, National Geographic-ზე და… ზოოპარკში.

ხოდა იმდენი ვიძახე, ბოლოს ჩამავლო ბედმა ყურში ხელი და მომაცუქცუქა ზოოპარკში.

ასე გავხდი თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. და დღეს აქ ვარ. ვმუშაობ იქ, სადაც ორშაბათის დადგომა მიხარია. იქ, სადაც სიამოვნებით ვაკეთებ საყვარელ საქმეს. იქ, სადაც შესვენებაზე ვაჭმევ სპილოს და ვეფერები პინგვინებს. მერე ვამზეურებ ახალშობილ ლომებთან და ვეფხვებთან გადაღებულ ფოტოებს და ღიმილით ვკითხულობ ბოკვრების ჩახუტების მსურველთა შურიან კომენტარებს.

ჩემს საინტერესო ზოოპარკულ თავგადასავლებს 24 მაისს, „სფოთლაითზე“ გიამბობთ.

მობრძანდით, გელით 🙂

კომენტარი

კომენტარი